2013 წ. 3 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილს შეუსრულდა დაბადებიდან 150 წლისთავი. აღსანიშნავია, რომ იუნესკოს ეგიდით, 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა. კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი მის მეცნიერულ მოღვაწეობას, კიდევ მეტი სიდიადით წარსდგა იგი, როგორც დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ისტორიის სწორუპოვარი მკვლევარი, მისი სიძველეების შემგროვებელ-დამბინავებელი. მან პირველმა ჩააყენა საქ-ს ისტორიის სამსახურში მდიდარი ქართველი დოკუმენტური მასალა,ქართული ეპიგრაფიკა, მანამდე შეუსწავლელი ქართული ხელნაწერები და მათი ანდერძ-მინაწერები, ქართველი მატერიალური კულტურის ძეგლები და ყოველივე ამით მყარი ნიადაგი მოუმზადა ქართველი ისტორიის მეცნიერების აღმავლობას.“იმხანად- წერს ე.თაყაიშვილი- უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი- შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის, ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად, რაც შეიძლება მეტი გამომემზიურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს საქმედ იმ პერიოდში, იმ რწმენით, რომ - ჩვენში გამოჩნდებოდნენ მეცნიერები, რომლებიც ჯეროვნად შეგვიგროვებდნენ საქართველოს ისტორიას, გაგვიშუქებდნენ იმ მართლაცდა დიდ კულტურას, რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში.“
მისი ენერგიის წყალობით გროვდება ძვირფასი წიგნები, სიგელგუჯრები, სხვადასხვა სიძველენი.“ მისმა ღრმა მეცნიერულმა და მეტად მნიშვნელოვანი მასალების შემცველმა ნაშრომმა „ მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ - იმთავითვე მიიპყრო ფართო საზოგადოებრიობის ყურადღება. 1920 წლიდან ე.თაყაიშვილი იწყებს ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტში ლექციების კითხვას საქართველოს სიძველეების შესახებ, მათ შორის ეპიგრაფიკისა და ეკლესია-მონასტრების, ქართული ოქრომჭედლობის განვითარების შესახებ საქართველოში.
ექვთიმე თაყაიშვილისა და მის თანამედროვეებს „ არქეოლოგია“ ფართოდ ესმოდათ. ამდენად, ბუნებრივია, ასეთი ფართო საქმიანობის გასაშლელად ბევრი უნდა ემოგზაურათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და მიუხედავად იმისა, რომ ექვთიმე თაყაიშვილს მძიმე ფიზიკური ნაკლი ჰქონდა, მას არ დაუტოვებია არცერთი კუთხე,ფეხით რომ არ მოევლოს, იქ არსებული ყველა ძეგლი არ აღეწეროს და არ შეესწავლოს. ამიტომ არის ასე ფასდაუდებელი მისი“ არქეოლოგიური მოგზაურობანი“. სწორედ ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთო ღირსეული წარმომადგენელია აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა საქართველოში ამ მეცნიერების განვითარებაში. მისი მოღვაწეობა მოიცავდა, როგორც არქეოლოგიური ძეგლების გათხრა-ფიქსაციასა და შესწავლას, ასევე ამ დარგის სპეციალისტთა მომზადებასა და სამეცნიერო გზაზე დაყენებას. ექვთიმე თაყაიშვილი შეიძლება მივიჩნიოთ ქართული არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების ფუძემდებლად. საველე-არქეოლოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1889 სლიდან 1920 წლამდე. ექვთიმე თაყაიშვილი თავისი არქეოლოგიური მოღვაწეობის უმთავრეს მიზნად ისახავდა ძეგლების გამოვლენასა და ფიქსაციას. ის მიიჩნევდა, რომ მათი ინტერპრეტაცია მომავლის საქმეა. თუმცა მის მიერ გაკეთებული არაერთი დასკვნის თუ შენიშვნის მართებულმა, შემდგომი თაობის მეცნიერთა გათხრებითა და გამოკვლევებით არაერთხელ დადასტურებულა. ამჯერად მინდა გაგაცნოთ ექვთიმე თაყაიშვილი , როგორც არქეოლოგიური ნივთების შემგროვებელი და ფიქსატორი. 1908 წლის ზაფხულში ე.თაყაიშვილი მივლინებული იქნა ქსნის ხეობაში ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების მოსაძებნად და შესასყიდად. მეცნიერმა „განძის“ პოვნის ადგილი დაათვალიერა, შეაგროვა ადგილობრივი წარმოების, თეთრი და წითელი ფერის თიხის ჭურჭლის ნატეხები, ცხენის ძვლები და რამდენიმე მძივი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს განძი კი არ იყო, არამედ მდიდრული სამარხი, სადაც მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა ცხენი, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ძვირფასი ნაკეთობანი და თიხის ჭურჭელი. მრავალი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ „ახალგორის განძის“ ნივთები შეძენილი იქნა კავკასიის მუზეუმისათვის. ესენი კი იყო: ოქროს ნივთები-ოთხი ბალთა, ორი მათგანი შემკული ლოტოსებითა და ფრინველებით, ერთი- გრიფონებით; ხატისუღლები; სამი გულსაკიდი (ნაწილები); ორი წყვილი მასიური საყურე; წყვილი სასაფეთქლე, წყვილი ცხენის გამოსახულებით; ბეჭდები; სამაჯურები; ღილები; საკიდები და ა.შ . ვერცხლის ნივთები- ორი მასიური თასი; მსხლისებური ბორცობებით შემკული ხელადა; ირმის სკულპტურული გამოსახულება. ბრინჯაოს ნივთები- სარკეები, ლაგმები, ზარაკები და სხვა წვრილი ნივთები.
უდიდესია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი „ახალგორის განძის“ დაცვის საქმეში. მან კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს, ვიდრე განძის უმეტეს ნაწილს თავი არ მოუყარა და მუზეუმში არ დააბრუნა. „დავალებული მაქვას განძის დაცვა და კიდევაც ვიცავ, რამდენადაც შემიძლია“-ამბობდა ექვთიმე თაყაიშვილი და ელოდა იმ ბედნიერ დღეს, როცა ეს მოხდებოდა. განძის დაბრუნება კი საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გახდა შესაძლებელი.
ნათია ბიბილაშვილი
No comments:
Post a Comment