ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში

ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში

   1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველო). პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში.

ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.    „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოავსწარი . . . . არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სერნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! - ექვთიმე თაყაიშვილი“



მესხეთის ტერიტორია 

არტაანის ოლქი 

რუსეთის დროს შემოერთებული ტერიტორია შემდეგი მოცულობისა იყო: ახალციხის მაზრა – 2 706 კვადრატული კილომეტრი; ახალქალაქის მაზრა – 2 793; ბათუმის ოლქი – 3 779; ართვინის ოლქი – 3 339; ფოცხოვის უბნი – 588; არტაანის ოლქი – 5 137; ოლთისის ოლქი – 3 051. სულ მესხეთის ტერიტორია უდრიდა 21 393 კვადრატულ კილომეტერს ანუ მთელი საქართველოს მესამედზე მეტს. ძველი მესხეთის ნაწილებიდან ოსმალეთის საზღვარში დარჩა ჭანეთი ანუ ლაზისტანი და ზემო ჭოროხზე მდებარე ნაწილი.
ისტორიული ჩანაწერები [რედაქტირება]

ექვთიმე თაყაიშვილი წერს:

”ადგილები, რომელნიც ერგო რუსეთს ოსმალეთისაგან ბერლინის ტრაქტატის ძალით 1878 წელს რუსის მთავრობამ გაჰყო ორ ადმინისტრაციულ ოლქად, ყარსისა და ბათუმისა. ყარსის ოლქს შეადგენდა ოკრუგები ყარსისა, ყაღიზმანისა, არგადანისა და ოლთისისა. ისტორიულად და ეთნოგრაფულად ყარსის და ყაღიზმანის ოკრუგები ეკუთვნოდა სომხეთს, არდაგანისა და ოლთისის საქართველოს. ოლთისის ოკრუგი ხელოვნურად იყო მიწერილი ყარსის ოლქზე, გეოგრაფიულად ის უნდა შესულიყო ბათუმის ოლქში, ვინაიდან ის მოქცეულია ჭოროხის შემდინარე ოლთისის წყლის არემარეში, და ჭოროხხი ეკუთვნის შავი ზღვის ბასეინს, ხოლო ყარსის სხვა ოკრუგები ეკუთვნიან კასპიის ზღვის ბასეინს. არდაგანის ოკრუგი, რომელიც მდებარეობით წარმოადგენს ზეგანის პლატოს, გაყოფილი იყო უჩასტკებად: ჩილდირისა, არდაგანისა, გელისა და ფოცხოვისა. პირველი სამი უჩასტკა მდებარეობს მტკვრის ზემო წელზე, ხოლო ფოცხოვის უჩასტკა ფოცხოვის წყალზე. ეს უჩასტკაც ხელოვნურად იყო მიწერილი არდაგანის ოკრუგზე, ვინაიდან გეოგრაფიულად ფოცხოვი სრულიად


არ შეადგენს არდაგანის ზეგანის პლატოს ნაწილს, არამედ ეკუთვნის ახალციხის ტერასას და შეიცავს ფოცხოვის წყლის ბასეინის ნაწილს“. ამ ადმინისტრაციულმა პოლიტიკამ მერმედ გამოიღო ნაყოფი და საქართველოს ტერიტორიული საზღვრების საკითხი მეტად გაართულა.

No comments:

Post a Comment